ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ბათუმში, ლევან ანთაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია ფორმულას პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
ენმ-ის განცხადებით, ლევან ანთაძე 1-ლ ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგენაზე იმყოფებოდა, თუმცა ის პირბადით გადაადგილდებოდა და დისტანციას იცავდა. პრესსამსახურის ცნობით, ინფიცირებული ამჟამად ბინაზე, თვითიზოლაციაშია გადასული.
ლევან ანთაძე კლინიკა "მედალფას" აჭარა-გურიის რეგიონული კლინიკის ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოს წევრია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 3 ოქტომბერს დადასტურებული COVID-19-ის ახალი 471 შემთხვევიდან უმრავლესობა, 360 აჭარაში გამოვლინდა. თბილისში 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში 22, იმერეთში 11, ქვემო ქართლში 6, კახეთში 6, გურიაში 5, მცხეთა-მთიანეთში 3, ხოლო სამცხე ჯავახეთში 1 შემთხვევა დადასტურდა.